პიანისტ ელისო ბოლქვაძეს UNESCO-ს მშვიდობის ელჩის წოდება მიენიჭა

ცნობილ პიანისტ ელისო ბოლქვაძეს UNESCO-ს მშვიდობის ელჩის წოდება მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ირინა ბოკოვამ მიიღო.

ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, როდესაც UNESCO-ს  წოდება საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატს ენიჭება.

„UNESCO-ს ხელოვანები მშვიდობისთვის“ არიან კულტურის დარგში მოღვაწე გამოჩენილი პიროვნებები, რომლებიც მზად არიან,  გამოიყენონ საკუთარი სახელი და სტატუსი ორგანიზაციის ღირებულებებისა და მთავარი მიზნების პოპულარიზაციისთვის.

ელისო ბოლქვაძისთვის ამ მაღალი სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა არა მარტო მისი  პროფესიონალიზმი, არამედ წლების განმავლობაში გაწეული აქტიური საქველმოქმედო მოღვაწეობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების მხარდაჭერა ფონდ „ლირას“ მეშვეობით.

ელისო ბოლქვაძის კანდიდატურა UNESCO-ს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, საქართველოს UNESCO-ს ეროვნული კომისიის პრეზიდენტის მაია ფანჯიკიძის მიერ წარედგინა.

ტიტულის  მინიჭება ოფიციალურ ცერემონიაზე UNESCO-ს სათაო ოფისში, პარიზში მოხდება. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მუსიკოსს ტელეფონით ესაუბრა და ეს  მნიშვნელოვანი  წარმატება მიულოცა. ამასთან, მინისტრმა მუსიკოსს მისი სტატუსის მანდატით გათვალისწინებულ საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.

დღეისათვის „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის“ სტატუსს  მსოფლიოს 54 ხელოვანი ატარებს. მათ შორის, ისეთი გამოჩენილი მოღვაწეები, როგორიცაა ხოაკინ კორტესი, სელინ დიონი, ვლადიმირ სპივაკოვი, დანილო პერესი, მარკუს მილერი და სხვები.