რა მოხდება, თუკი Facebook–ის გამუდმებით შემოწმებას შეწყვეტთ?

სოციალური მედია ადამიანებთან კავშირის შენარჩუნების, ახალი მეგობრების შეძენისა და ეფექტური სოციალიზაციის შესანიშნავი საშუალებაა, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა დანიშნულებისამებრ არ იყენებს მას. ბევრისათვის “ფეისბუქის” ყოველწუთიერი შემოწმება სამსახურად გადაიქცა. პოსტები ე.წ. „ლაიქებისთვის“, სხვების საქმიანობის მუდმივი კონტროლი, ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში ყოფნის სურვილი, ნებისმიერ თამაშსა თუ გამოკითხვაში მონაწილეობა – შესაძლოა აქ საკუთარი თავი ამოიცნოთ ან მსგავსი ჩვევების მქონე ადამიანს იცნობდეთ. თუ ასეა, იქნებ შეწყვეტის დროა?! წარმოგიდგენთ 10 შედეგს, რომელსაც დაინახავთ „ფეისბუქის“ გამუდმებით შემოწმების შეწყვეტისთანავე:

1. ტვინი იწყებს უკეთესად მუშაობას

როდესაც „ფეისბუქის“ სიახლეების მოლოდინში ეკრანზე ხართ მიმჯდარი, გარე სამყაროს არსებობას ნაკლებ ყურადღებას აქცევთ. შესაძლოა, თქვენს საყვარელს ოთხფეხა მეგობარს გამოკვება ან საპირფარეშოს გამოყენება სჭირდება, თუმცა ამას მხოლოდ „სიახლეების კედლის“ შემოწმების შემდეგ გააკეთებთ. სახლის გარეთ ყოფნის დროსაც კი ტელეფონით ინარჩუნებთ წვდომას. ასეთ დროს იმასაც არ აქცევთ ყურადღებას, სახლი რა მდგომარეობაში დატოვეთ.

„ფეისბუქიდან“ გამოსვლის შემთხვევაში შეძლებთ გაცილებით უკეთ ჩაერთოთ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში. საყვარელი ცხოველები და მეგობრები, რომელთაც თქვენთან ერთად უნდათ დროის გატარება, განსაკუთრებით კმაყოფილები იქნებიან ამით.

 2. შეასრულებთ მეტ სამუშაოს

მათთვის, ვისაც დღის განმავლობაში კომპიუტერთან უწევთ მუშაობა, ძალიან მარტივია რამდენიმე წუთით საქმის მიტოვება და „ფეისბუქის“ სტუმრობა, თუმცა წუთი 15 წუთად, საბოლოოდ კი 30 წუთით ნაკლებ პროდუქტიულობად გარდაიქმნება. სმარტფონებისა და მობილურების ფუნქციონირების გაუმჯობესებული სიჩქარის წყალობით, პრობლემას აღარ წარმოადგენს ნებისმიერი ადგილიდან “ფეისბუქის” შემოწმება, მათ შორის სამსახურიდან. როდესაც დაივიწყებთ მის არსებობას, ეცდებით მოწყენილობისგან თავის დასაღწევი სხვა საშუალება მოძებნოთ, საკუთარ საქმეს დაუბრუნდეთ. ასე თუ მოიქცევით, პროდუქტიულობის გაზრდას უნდა ელოდოთ.

 3. შეძლებთ აქცენტი სხვა გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ

„ფეისბუქს“ საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. შესაძლოა, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მხოლოდ სიახლეებში „სერფინგმა“ წაგართვათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისინი ქრონოლოგიურად აღარაა განთავსებული. მისი გამორთვა მნიშვნელოვანი დროის გამოთავისუფლების ტოლფასია. ეს ის დროა, რომლის გამოყენებაც თავისუფლად შეგიძლიათ სხვა რამეს დაუთმოთ, მაგ. მეგობრებთან შეხვედრას ან სპორტ დარბაზის სტუმრობას და რამდენიმე კილოგრამის დაკლებას, რის შემდეგაც თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

4. შეგიძლიათ გაარკვიოთ, ვინ არიან რეალური მეგობრები

კარგი ინტერნეტ ურთიერთობის აწყობა მარტივია, თუმცა პოსტების მოწონება და ფოტოების დაკომენტარება რეალურად არაფერს ნიშნავს. ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს, სულ რაღაც 45 წამს ხარჯავს, სანაცვლოდ კი ძალიან ერთგული და მზრუნველი მეგობრის შთაბეჭდილებას ტოვებს. ხშირად ეს ურთიერთობა ვირტუალური ქსელის დატოვებისთანავე ქრება. ნამდვილი მეგობრები კი ისინი არიან, ვინც სიამოვნებით გაატარებენ თქვენთან დროს ინტერნეტის გარეშეც. “ფეისბუქის” მიტოვება ასეთი ადამიანების გამოვლენაში დაგეხმარებათ.

 5. მიხვდებით, რომ რეალურად „Like” არაფერს ნიშნავს

პოსტების მოწონებას ნამდვილ გრძნობებთან კავშირი არ აქვს. ეს მათი ნახვისა და არსებობის დადასტურების ერთგვარი ვალდებულებაა. “ფეისბუქის” უგულებელყოფის შემთხვევაში კი დაინახავთ, რამდენად უსარგებლოა “Like” ფუნქცია, რადგან რეალურად ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანს მიაქვს გულთან ახლოს პოსტების შინაარსი.

6. თავს გაცილებით სრულყოფილად იგრძნობთ

რთულია “ფეისბუქის” მობეზრება, რადგან ყოველთვის არსებობს რაღაც ახალი გასაკეთებელი, სანახავი და მონაწილეობის მისაღები. სწორედ ეს „დაუსრულებლობის“ შეგრძნება იწვევს ემოციურ და მენტალურ დაძაბულობას. ამის აცილება “ფეისბუქის” გარეთ განხორციელებული აქტივობებით შეიძლება, რადგან უამრავი ქმედების შედეგის დანახვაა შესაძლებელი. ამ დროს თვითკმაყოფილების გრძნობა გაცილებით იმატებს. ნუ მოაკლებთ თავს მისი განცდის სიამოვნებას. დათმეთ “ფეისბუქი” და დაინახეთ საქმიანობის რეალური შედეგები.

 7. თავიდან აიცილებთ შემაწუხებელ ადამიანებს

“ფეისბუქის” თითქმის ყველა მომხმარებელს ჰყავს მომაბეზრებელი „მეგობრები“, განსაკუთრებით ქალბატონებს. მათ შეუძლიათ თვალყური ადევნონ თქვენს ფოტოებს, სიახლეებს და ნებართვის გარეშეც კი გამოიყენონ ისინი. ასეთი ბიჭები ხშირად აკონტროლებენ ყოფილი შეყვარებულების სურათებს, თუმცა მათ არც ქალბატონები ჩამორჩებიან.

ადამიანებს, რომლებიც არ არიან თქვენი მეგობრები და არც კი იცნობთ, საშუალება აქვთ გაეცნონ თქვენს პირად ინფორმაციას. მაშინაც კი, როდესაც ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომა არ აქვთ. ამ დროს კავშირების (ე.წ. მეგობრების) დათვალიერებით ცდილობენ საჭირო ცნობების მიღებას. მაგ. რომელიმე გაუფრთხილებელმა მეგობარმა შესაძლოა მოგნიშნოთ პოსტზე, რომ სავაჭრო ცენტრში ხართ. ეს კი ხულიგნებს უმარტივებს საქმეს. “ფეისბუქის” დატოვების შემთხვევაში შეძლებთ მათ თავიდან მოცილებას.

 8. საბოლოოდ უკეთესად იგრძნობთ თავს

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ “ფეისბუქის” მომხმარებლები თავს ცუდად გრძნობენ და ამის საკმაოდ ბევრი მიზეზი არსებობს. მაგ., როდესაც თქვენს სტატუსს არავინ იწონებს, თავი სულელად მიგაჩნიათ. როდესაც ახალ ფოტოზე საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები არ გიწერენ “რა ლამაზი ხართ”, მახინჯად თვლით. ხშირად გაღიზიანებთ თქვენზე ბედნიერი, წარმატებული და მყარი ურთიერთობების მქონე ადამიანები. რა უნდა გააკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად? არსებობს მარტივი გზა – დაივიწყეთ „ფეისბუქი“.

 9. დაკმაყოფილდებით იმით, რაც გაგაჩნიათ

როიტერის რეპორტიორმა ბელინდა გოლდსმიტმა გამოაქვეყნა გერმანიაში, “ფეისბუქის” მომხმარებლებზე ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ადამიანები გაცილებით შურიანები და ნერვიულები ხდებიან „მეგობრების“ იმ პოსტების ნახვის შემდეგ, რომლებიც ახალი მობილური ტელეფონის, მანქანის, სახლის ან სხვა ნივთების შეძენას ეხება. არსებობენ ისეთებიც, რომელთაც ბედნიერი შეყვარებულების ან ოჯახის ფოტოები აღიზიანებთ. რატომ აყენებთ თავს ასეთ მდგომარეობაში?

10. გააცნობიერებთ, რომ „ფეისბუქზე“ მხოლოდ ერთეულ მონაცემს წარმოადგენდით, რომელიც რეკლამებს ეცნობოდა

რა თქმა უნდა „ფეისბუქში“ არიან ადამიანები, ვინც გულწრფელად ზრუნავენ თქვენზე, თუმცა ეჭვგარეშეა, მათი დიდი ნაწილი ნაკლებად ღელავს საზოგადოებაზე. უფრო ზუსტად, ცუკერბერგისათვის თქვენ მხოლოდ უზარმაზარი მონაცემთა ბაზის მცირე ნაწილს წარმოადგენთ, რომელზეც შეიძლება გავლენის მოხდენა. თქვენი მოვალეობაა გაეცნოთ „ფეისბუქის“ რეკლამებს, დახარჯოთ ფული თამაშებზე და ხელი შეუწყოთ ვებ გვერდის გამდიდრებას. ეკრანის გარეთ როგორ ხართ, ნაკლებად საინტერესოა მათთვის. გააბამდით ასეთ ადამიანთან ურთიერთობას? მაშინ რატომ სარგებლობთ „ფეისბუქით“?! მართალია, ზემოთ აღნიშნული ბრალდებას ჰგავს, თუმცა რეალობაა.

სოციალური საიტები 10 წლის წინ გარკვეული მიზნით შეიქმნა, თუმცა ყველამ დაივიწყა მისი რეალური დანიშნულება მათ შორის ჩვენც, თქვენც და თავად სოციალურმა ურთიერთობებმაც. საქმე აღარ ეხება ადამიანების მოძიებას, მათთან დაკავშირებას და სამუდამო ურთიერთობების დამყარებას, არამედ სტატუსების სერიას. რა თქმა უნდა, არაა აუცილებელი „ფეისბუქის“ სამუდამოდ მიტოვება, თუმცა აჯობებს გაცილებით ნაკლებად იყოთ მასზე დამოკიდებული. არაფერს დაკარგავთ დღეში მისი 30–ჯერ სტუმრობის გარეშე. ამას გპირდებით!

 

yellowblog.ge