PINK FLOYD — THE ENDLESS RIVER

ალბომის მიმართ განუზომელი ინტერესი როგორც იქნა დაკმაყოფილდა. ოცი წელი ელოდა მსმენელი ჯგუფისგან სიახლეს და ეს ფაქტი დიდი ტვირთი უნდა ყოფილიყო ჯგუფის წევრებისთვის, რადგან ოცწლიანი ლოდინის შემდეგ მცირედი იმედგაცრუებაც კი მძიმე იქნებოდა როგორც მსმენელისთვის, ასევე შემსრულებელთათვის. ეხლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ალბომმა ძალიან ბევრი ადამიანის მოლოდინს გადააჭარბა.

ალბომი ძალიან კომფორტულად ისმინება, მასში არაფერია ისეთი, რაც შეიძლება გეუცხოოს და ყურს ცუდად მოხვდეს. დასრულებული ნახატივითაა, სადაც თითოეული ხაზი და ფერი იდეალურად ეხამება ერთმანეთს და ერთ მთლიან სურათს ქმნის. ალბომში სულ 18 სიმღერა შევიდა, სიმღერაში “Louder Than Words” ტექსტი გილმორის მეუღლეს პოლი სიმსონს ეკუთვნის, სხვათა შორის, ეს სიმღერა ასრულებს ალბომს. ცნობილი ფიზიკოსის და კოსმოლოგის სტივენ ჰოუკინგის სიტყვებს კი “Talkin’ Hawkin'”-ში მოისმენთ. ალბომში ასევე შეხვდებით რამდენიმე ფლოიდისეულ სიმღერასაც, რომელიც წარსულის ექოსავით ჟღერს, ძალიან ატმოსფერული და ლამაზი გამოვიდა სიმღერა “Autumn’68″, რომელიც ორ ტაქტზეა დაფუძნებული და აღებულია რიკ რაიტის 20 წუთიანი იმპროვიზაციიდან, რომელიც მან ორღანზე შეასრულა ჯგუფის პირველი კონცერტის საუნდჩეკზე, როიალ ალბერტ ჰოლში.