სტამბოლის აეროპორტში BBC-ის ყოფილი ჟურნალისტის ცხედარი აღმოაჩინეს
სტამბოლის აეროპორტში ტელეკომპანია „ბი-ბი-სის” ყოფილი ჟურნალისტის, ჟაკლინ სატონის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სატონი ლონდონიდან ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ერბილში თურქეთის გავლით მიემგზავრებოდა.
თურქული მედია წერს, რომ სატონმა ათათურქის სახელობის აეროპორტში თავი იმის გამო მოიკლა, რომ რეისზე დააგვიანდა. მან აეროპორტის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ახალი ბილეთის თანხა არ აქვს, რის შემდეგაც საპირფარეშოში შევიდა და თავი ჩამოიხრჩო. გამოცემის თანახმად, სატონის ცხედარი მგზავრებმა აღმოაჩინეს.
„ბი-ბი-სის” ინფორმაციით, დაღუპულის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. ჟაკლინ სატონი ბრიტანული „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მითითებული ინსტიტუტი ცხელ წერტილებში მომუშავე ჟურნალისტებს ეხმარება.