ძალიან მიყვარს ჯენის ჯოპლინი და რომ არა „მაგთიფანი“ ალბათ მთელი ცხოვრება ბიონსეს მოვუსმენდი

ნათია თოდუა მსმენელმა და მაყურებელმა მუსიკალური შოუებიდან გაიცნო, ის ჯერ „მაგთიფანში“ შემდეგ კი  „X-factor“ – ში მონაწილეობდა, მან თავისი გამორჩეული ხმით სპეციალისტების ყურადღება მაშინვე მიიპყრო და მართალია სატელევიზიო პროექტებში ვერ გაიმარჯვა, მაგრამ მისი აქტიური კარიერა მაშინვე დაიწყო, ამჟამად ნათია გჯუფ „ვაკის პარკთან“ ერთად მღერის

 

–         დავიწყოთ თავიდან, როგორ დაიწყე სიმღერა და რამდენი ხანია მღერი?

 

–         1996 წელს დავიბადე ქ.თბილისში, ცხელ-ცხელი დევნილობის პერიოდში  J ამ დროს მშობლები და 5 წლის და ცხოვრობდნენ თბილისში, გლდანის ყოფ.უშიშროების აკადემიაში სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული  მოსახლეობის ნაწილი შეასახლეს მათ შორის ჩვენც.
საცხოვრებელს ძალიან ხშირად ვიცვლიდით, პარალელურად იცვლებოდა ჩვენი სკოლები და სამეგობრო წრე.

ბოლოს უკვე ვცხოვრობდი გალის რაიონ სოფელ ნაბაკევში, სადაც დავამთავრე N-13 საჯარო სკოლა. ამ სკოლის ღონისძიებებში ვმღეროდი მეგრულ სიმღერებს, ქართულს ვერ და რამდენიმე რუსულს.

ვმღეროდი ასევე სახლში, სადაც მიკროფონი იყო სავარცხელი. ერთადერთი საშუალება რითაც მუსიკას ვუსმენდი და სიამოვნებას ვიღებდი იყო იმედის დილის ეთერში სიმღერები. ამის მოსასმენად 6-7 სთ.ზე ვიღვიძებდი და ვუსმენდი ვყვებოდი და ასე შემდეგ.
ადგილი სადაც ბოლომდე ვუშვებდი ხმას და ჩემს შესაძლებლობებს ვსინჯავდი იყო აბაზანა J…

 

–         მერე იყო მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობა, რა მოგიტანა ამ კონკურსებმა?

 

–         16 წლის ასაკში მშობლებმა გადაწყვიტეს რომ ზაფხულის 1 თვე გამეტარებინა  თბილიში ბიძაჩემთან, რომელიც პროფესიით ექიმია და მელომანი. ეს იყო ის ადამიანი რომელმაც ჩემი ღიღინის მოსმენის შემდეგ თქვა რომ სასწრაფოდ უნდა მივეყვანე ვოკალის პედაგოგთან. აიღო გაზეთი და დაიწყო მასწავლებლის ძებნა.

 

ზოგმა თქვა მეცო სოპრანოაო J ზოგმა თქვა არ სჭირდება მასწავლებელიო, ზოგმა ბალერინა უფრო დადგებაო. ბოლოს უკვე გიტარაზე შემიყვანა და პირველი სიმღერა რაც ვისწავლე იყო 4Non blondes “Whats up?”
სწორედ  ბიძაჩემი იყო ის ადამიანი რომელმაც გაიგო პროექტ „მაგთიფანის“ შესახებ რომელიც მაგთისა და მაესტროს ერთობლივი რეალითი შოუ იყო. კონკურსზე მივედი სრულიად მოუმზადებელი, რადგან არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, რომ მოსწონებოდათ.
მოხდა ისე, რომ 18 რჩეულ კონკურსანტთაგან ერთ-ერთი ავღმოვჩნდი მე. ეს წარმოუდგენელი იყო ჩემთვის.
მთელი  სოფლის მოსახლეობა  ჩემს საგულშემატკივროდ იკრიბებოდა იმ ერთი მეზობლის სახლში რომლსაც კომპიუტერი და ინტერნეტი (მათთვის უცხო რამ) გააჩნდათ რითაც მიყურებდნენ მე, რომ არა ეს კონკურსი მე არ მეცოდინებოდა ის, თუ რა შესაძლებლობები მაქვს მუსიკაში.

 

მერე იყო პროექტი X-factor რომელიც ასევე დიდი გამოცდილება იყო.. ბევრს მივხვდი და ბევრი ვისწავლე ცხოვრებისეულად და არა მუსიკაში… ასე რომ ვთქვათ ჭკუა ვისწავლე J

 

–         რას მღერის ნათია თოდუა?

 

–         მიყვარს და ვმღერი როკს, ბლუზს, ჯაზს…

 

–         ფანები უკვე გყავს?

 

–         გულშემატკივრები მყავს , უმრავლესობა სრულიად უცნობი ადამიანები, რომლების დამოკიდებულებაც ჩემდამი ისეთი თბილი და ნაზი გრძნობაა, რომ სიყვარულით მავსებს მე და ჩემს არც ისე საინტერესო, უფერულ და მშვიდობას მოწყურებულ ცხოვრებას…

 

–         ცნობადობა და ცნობილობა როგორია? ხომ არ გაბნევს? ან პირიქით?!…

 

–         მე ძირითადად მეტროთი ვმოძრაობ და როცა ვხვდები, რომ ვიღაც მცნობს და იწყებს ლაპარაკს „ეს ის არის…“ მაშივე მინდა რომ სადმე დავიმალო ან ჩასკდეს მიწა, რომ უკვალოდ გავქრე ისე მრცხვენია.
არ ვიცი ეს გრძნობა ჯამში რა არის მაგრამ აშკარაა რომ როცა ვერსად ვერ ვიმალები და პირადად მეუბნებიან ხოლმე,  რა თქმა უნდა მადლობას ვუხდი მაგრამ ვხვდები, რომ იმ წამს შეიძლება ფეხები მომეკეცოს და წავიქცე…

 

–         ვინ გყავს კუმირი? ვის გავლენას განიცდი (თუ განიცდი საერთოდ ვინმეს გავლენას) და ვისთან ჩაწერდი დუეტს სიამოვნებით?

 

–         ძალიან მიყვარს ჯენის ჯოპლინი და რომ არა „მაგთიფანი“ (სადაც პირველად გავიგე ამ მომღერალზე) ალბათ მთელი ცხოვრება ბიონსეს მოვუსმენდი.  არის ხოლმე სიმღერები სადაც მისი გავლენა მეტყობა, მაგრამ რა ვქა ძალიან მიყვარს!… სიამოვნებით ჩავწერდი დუეტს ბიორკთან…

 

–         სამომავლოდ რა გაქვს არჩეული, აპირებ ბოლომდე მიყვე სიმღერას, თუ გაქვს რამე სხვა გეგმები სწავლასთან დაკავშირებული და სცენა შენთვის ჰობია?

 

–         ამჟამად ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში „ბიზნესის ადმინისტრირება, საბაკალავრო ტურიზმის მენეჯმენტზე“ რადგან მომწონს ეს სფერო და ვფიქრობ აქ შემიძლია ჩემი შესაძლებლობების მართვა. მაგრამ სიმღერას, ანუ არსებობას ვერ შევწყვეტ…

 

–         როგორ შედგა შენი და ვაკის პარკის თანამშრომლობა?

 

–         ბატონი ზაზა ხუციშვილი „ვაკის პარკის“ სოლისტი იყო დირექტორი „მაგთიფანის“ სკოლის, სადაც ყოველი სიმღერის შერჩევის დროს ცდილობდა მაქსიმალურად ყველაფერი აეხსნა, როგორ რა უნდა გამეკეთებინა, ძალიან ვგრძნობდი იმას თუ როგორ მგულშემატკივრობდა მეც  და რა თქმა უნდა სხვა მონაწილეებსაც.

 

კონკურსის დამთავრების შემდეგ მოხდა ისე რომ მიმიწვიეს „ვაკის პარკში“, სადაც მასწავლიან სიმღერებს,  ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობ კარგ მუსიკოსებს, მეხმარებიან, ვაკეთებთ ერთად სიმღერებს, გამოვდივართ კონცერტზებზე.

ჩავწერეთ ახალი ქართული სიმღერა აფხაზეთზე სახელად „ ისე შორს“ რომელიც მალე გაჟღერდება, „ვაკის პარკი“ ჩემთვის მეორე ოჯახია,  ბატონი ზაზა მეორე მამა…

 

–         ოჯახის შესახებ რა შეგიძლია გვიამბო?

 

–         მყავს ჩემი აზრით ძალიან ლამაზი და-ძმა და უსაყვარლესი მშობლები. 1 თვეა რაც ერთად ვცხოვრობთ. ისინი გალში ცხოვრობდნენ მე და ჩემი და კი თბილიში ვიყავით მარტო.
მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მძიმე პირობებში გვიწევს ყოფნა,  მჯერა რომ  ყველაფერი კარგად იქნება მთავარია რომ მშვიდობიან ქალაქში ვცხოვრობთ ერთად…

 

–         პირად ცხოვრებაზე?…

 

–         18 წლის ვარ. მყავს მეგობრები, მაგრამ მათთან ერთად ძალიან ცოტა დროს ვატარებ სწავლის და მუსიკის გამო. მიყვარს ღამით სეირნობა და ფიქრი… ვზრუნავ და ვდარდობ თევზებზე, ვაკეთებ ჩანაწერებს, ფიქრის უმეტეს დროს ვუთმობ გეგმის განხორციელებას, თუ როგორ მოვიპოვო უფლება დრედების გასაკეთებლადJ….

 

არ მყავს შეყვარებული, არც მყოლია, მომწონებია ბევრი, უმრავლესობა მხოლოდ იმიტომ რომ დრედებიანი იყო… უცხო იმიჯი ქონდაJ,  ვფიქრობ რომ ჯერ მსგავსი ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და არ მინდა უბრალოდ იყოს ისე როგორც მესმის ხოლმე პირველი სიყვარული სულ სხვა იყო სიყვარული როგორიც დღესდღეობით არის სხვებისთვის, ჩემთვის მიუღებელია, რადგან ვფიქრობ რომ დღეს არსებები ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობით იყენებენ…

 

–         თუ გაქვს რამე განსაკუთრებული ტრადიცია რაც ახალ წელს უკავშირდება ან ოჯახური ან პირადი?

 

–         ყოველ ახალ წელს ვცდილობ მშვიდად შევხვდე, რომ ასეთივე წელი იყოს დამდეგი, მაგრამ ასე ვერასდროს ვერ გამოდის…

 

–         უახლოესი გეგმები რა გაქვს?

 

–         ნოტების სწავლა…

 

–         და შორს მიმავალი?

 

–         სწავლის მიზნით საზღვარგარეთ წასვლა, მოგზაურობა მცირედი ფულით…

 

yellowblog.ge